21 სექტემბერი, 2020
მოგესალმებით, საჩხერელებო!
დიდი პატივია აქ, თქვენთან ერთად საუბარი ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საქართველოს მომავალზე საუბარი დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ახლა, მინდა ამას ცოტა სხვანაირ, თბილ და შინაურულ გარემოში შევხედო.
ჩვენ ბევრს დავდივართ რეგიონებში, ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. მარტივად რომ ვთქვათ - ჯანდაცვა, განათლების სისტემა, თავიდან ბოლომდე, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები - ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და ეს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, შექმნა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც საჩხერეს დაეწიონ და საჩხერეც კიდევ უფრო გაძლიერდეს.
ზემო იმერეთი-რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს, უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ონელების, ამბროლაურელებისთვის ეს იქნება უახლოესი გზა, რომ თბილისიდან დაუკავშირდნენ თავიანთ რეგიონს.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, პრობლემაა დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ.
ეჭვი არავის ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერის გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი - თითოეულმა ქართველმა, როგორც შეუძლია, როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ის ზრუნვა და ის შრომაა, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე - ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, სამართლიან და ევროპულ საქართველომდე. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ყველა იმ საქმეს, რომელიც დავიწყეთ, ღირსეულად დავამთავრებთ! გამარჯვებას გისურვებთ!