×

09 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე

დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის და თქვენი მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეზე საუბარი, ასეთ მშვიდ, წყნარ, ძალიან შინაურულ გარემოში.
ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაგვიკეთებია აქამდე, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი. ამ მხრივ ონი აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბოლო წლების განმავლობაში აქ იმდენი აქტივობა განხორციელდა ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი ნათელიც არის და როდესაც ონში გადაადგილდები, ამას ხედავ. რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის, სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით ედგა და მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს, რომ გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს.
ყველას კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა გვაქვს წესრიგში მოსაყვანი, ისეთი, როგორიცაა გზები, წყალი, გაზი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა - ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ა.შ რასაც ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი ისეთ დონეზე იყო მიყვანილი და მიტოვებული, რომ გარკვეული პერიოდი კიდევ მოგვიწევს ამ მიმართულებით შრომა.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა საერთოდ ახალ დამატებით ენერგიას შესძენს ამ კუთხეს. გასაგებია, რომ წელს ტურიზმი, როგორც განვითარების დარგი, ცოტა ჩაგვივარდა გლობალური პანდემიის გამო, თუმცა რაჭას ძალიან ბევრი ქართველი ესტუმრა, რომელიც წელს პირველად იმყოფებოდა აქ. შიდა ტურიზმის ნაკადი ძალიან დიდი იყო და ბევრი ქართველი ამოვიდა, რომელმაც რაჭა საერთოდ თავიდან აღმოაჩინა. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს.
საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს, შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ ჰქონდეთ თვითრეალიზების შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს თბილისში, ბათუმში, ამბროლაურში, ონში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს თანაბარი, კარგი განათლება, ხანდაზმულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნორმალური ჯანდაცვა და შესაბამისი სოციალური დახმარება და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს.
რა თქმა უნდა, ონს თავისი ისტორიული გამორჩეულობა აქვს. ონში მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაცია, 1991 წლის სტიქიის შემდეგ, მუზეუმის ფონდები ინახება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება და აბსოლუტურად თანამედროვედ აღჭურვილი მუზეუმი ტურისტების მიმზიდველობის კუთხით კიდევ დამატებითი ძალა იქნება. რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს არის შოვი, არავის გვაკმაყოფილებს. სახელმწიფოს მეტი ყურადღება სჭირდება მის კიდევ უფრო განვითარებას, რათა შოვი გახდეს არა მხოლოდ შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი, არამედ უცხოელებიც ჩამოვიყვანოთ. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი დღევანდელი დღე ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე იყო ჩვენი გუშინდელი და ხვალინდელი დღე ჩვენი შვილებისთვის ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე დღევანდელი.
ამ ყველაფერში, მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ონის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როდესაც ვსაუბრობთ გოჩა ენუქიძეზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ აქაური ადამიანია, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ზედმიწევნით ზუსტად იცის, აქ, სად რა არის გასაკეთებელი და რა საჭიროებაა. ამიტომ, მას არ დასჭირდება ბევრი დროის ხარჯვა და გამარჯვების მეორე დღესვე გააკეთებს იმ საქმეს, რომელსაც თქვენ მისგან ელოდებით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მოთხოვნის ძალა და უფლება თქვენს მხარეს არის. ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში, 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. ყველა კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მინდა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდო, არ წამოეგოთ არანაირ პროვოკაციებს, „ქართული ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, კონკურენტებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად. ეს ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ და ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!