×

09 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ცაგერში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე

მოგესალმებით, ლეჩხუმელებო!
ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა ვისაუბროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია მუნიციპალიტეტში. ჩვენ წლების წინ ვებრძოდით იმას, რომ მთა არ დაცლილიყო. დღეს ჩვენ ვზრუნავთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ იმას, მთა როგორ განვავითაროთ. ცაგერის მუნიციპალიტეტს ამაში ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი. აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე მეწარმეობიდან დაწყებული სერიოზული წარმოებები შეიქმნას. ყველა კარგად ხედავთ, რამდენი ვენახი შენდება, ხედავთ, როგორ ვუწყობთ ხელს იმას, რომ ადგილობრივებმა დაიწყონ თავიანთი საქმე, გლეხობიდან გახდნენ ფერმერები, დაასაქმონ სხვა ადამიანები და ღირსეულად მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ადამიანია ყველაფრის ცენტრში და ადამიანია ძირითადი ზრუნვის საგანი. პირველ რიგში, ვგულისხმობდით ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს აუცილებლობა, რომ მშობლიური მუნიციპალიტეტიდან სადმე უწევდეთ წასვლა და თანაბარი განათლება მიიღონ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ უნდა იყოს სხვაობა, ბავშვი იბადება თბილისში, ლენტეხში, თუ სხვაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურა.
ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. რა თქმა უნდა, პენსიიდან დაწყებული, სოციალური მომსახურების დონე, ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. ამ ყველაფრის მისაღწევად იყო სწორედ შექმნილი მთის კანონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავიანთ მშობლიურ რაიონებში, თავიანთ მშობლიურ სოფლებში იცხოვრონ ისე, რომ ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ გარანტირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, რამეთუ კარგად გვესმის, რომ ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ცაგერის მუნიციპალიტეტი არის ის მუნიციპალიტეტი, სადაც ის პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო უჭერს მხარს მოქალაქეს - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ყოველთვის გამორჩეულად იყო განვითარებული. ამიტომ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები.
რაც მთავარია, ჩვენ, ყველა ერთად, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ზოგ შემთხვევაში რომ გვიწევს თვალყურის დევნება, უნდა მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და ღირსეულად, სამართლიან გარემოში, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომ არ გვჭირდება, ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს. ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ!