×

12 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ბორჯომში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე

დიდი პატივია დღეს ჩემთვის საუბარი აქ, თქვენთან ერთად, ქვეყნის მომავალსა და ბორჯომის განვითარებაზე. ყველა ვხედავდით, რომ მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველანი შევეჯახეთ, რაც ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ კრიზისს ეხება, არც ერთი დღით, არც ერთი საათით ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი გზები გვექნება, როგორი იქნება ჩვენი წყალმომარაგების სისტემა, როგორი იქნება გაზიფიცირება, როგორი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და ა.შ.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს ის ფულია, რომელიც მაგისტრალური გზების წესრიგში მოყვანის გარდა, მოხმარდება შიდა სასოფლო გზებსაც, წყალმომარაგებას, რომელიც უკიდურესად დიდი პრობლემაა. ყველას კარგად გვახსოვს, შარშან ზამთრის სეზონზე რა პრობლემა გვქონდა ბაკურიანში, იგივე ეხება გაზიფიცირებას და ამ მუნიციპალიტეტისთვის გაზიფიცირების შემდგომი განვითარება ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საშუალო განათლება და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის წესრიგში მოყვანა - სკოლების რემონტი და ახალი სკოლების მშენებლობა, ისევე როგორც საბავშვო ბაღების, ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს.
მაგალითისთვის, შარშანდელი შემთხვევის შემდგომ ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათავო ნაგებობის, ასევე წყლის კიდევ ერთი რესურსის მოძიების სამუშაოები. წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება. ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს.
ყველას კარგად გვესმის, რომ ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტი, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, აუცილებლად მოსაგვარებელია და წელსაც სეზონის დაწყებამდე მოესწრება სპეციალური, 10 ავტობუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთხილამურეებსაც, აღჭურვილობა თან ატარონ.
ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც ბაკურიანში ჩემპიონატი ჩატარდება, ბაკურიანი სრულად უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ ევროპულ დონეზე დავხვდეთ და ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბორჯომში, ბაკურიანში ჩვენ ცხოვრების ისეთი პირობები შევქმნათ, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად არათუ თბილისში არ გადავიდეს, არამედ, ელემენტარული სახელმწიფო სერვისებიც აქ მიიღოს, ისეთი სერვისები, რომელსაც ვაწვდით „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში ახალი სასტუმროების გახსნის რაოდენობას.
მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ. ბორჯომელებო, გისურვებთ ამ გამარჯვებას!