12 ოქტომბერი, 2020
მოგესალმებით ჩემო ახალციხელებო, მეგობრებო და მოწვეულო სტუმრებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის ლიდერებს!
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სიამაყეა, ვიყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქალაქის სადაც გავიზარდე და მივიღე განათლება , ქალაქის სადაც მთელი ბავშვობა და ჩემი საუკეთესო წლები მაქვს გატარებული, რომელიც დატვირთულია საამაყო ემოციებით.
ჩემთვის ახალციხე, რომელიც იყო და არის ცენტრი ისტორიული მესხეთისა, აკვანი საქართველოს დიდებისა არის მშობლიური ქალაქი, ეს არის ქალაქი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, ქალაქი რომელსაც ბევრი ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქე და გმირები გაუზრდია, იყო ახალციხელი და იყო ამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის დიდი პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის და როგორც ყოველთვის დღესაც მთელი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვიქნები ჩემი ქალაქის და მუნიციპალიტეტის სამსახურში!!
ჩემთვის საამაყოა, როდესაც ვამბობ რომ ვარ ახალციხელი და ვარ მესხი!!!
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის, მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადა, მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს და ჩემს მუნიციპალიტეტს და ასევე კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ რათა შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამით თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს მეტი სიკეთე და სარგებელი.
ჩემთვის, რომელიც 22 წლის განმავლობაში ვიყავი ბიზნესით დაკავებული უმთავრესი ამოცანა იქნება გავაძლიეროთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გვქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენგანს..
დღეს ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა., დღეს ყველაზე უკეთაა დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღეს ყველაზე უკეთაა დაცული ბიზნესი და საკუთრების უფლება.
ჩვენმა სახელმწიფომ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებითი პროგრესი განიცადა, რასაც სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების კარდინალურ გაუმჯობესებასა და მოქალაქეების განწყობებთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.
გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 2013 წლის მონაცემებით, 10 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ბიუჯეტი 29 მილიონ ლარს გადასცდა.
ჩვენს მუნიციპალიტეტში კარგად ვიყენებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამა-პროექტებს, როგორიცაა „დანერგე მომავალი”, „რძის გადამამუშავებელი კოოპერატივები” , „აწარმოე საქართველოში" და სხვა, რომელთა ძალისხმევით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აუცილებელია, ამ პროგრამების გაგრძელება, რაც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს.
2013-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში 4422 ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მუნიციპალიტეტი იქნება სრულად გაზიფიცირებული.
მსგავსი მშენებლობა რომელიც ბოლო წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება დიდი ხანია ჩვენს მხარეს არ ახსოვს, ჩვენს მუნიციპალიტეტს ტურისტული განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს და მისი მაქსიმალური ათვისების მიზნით, დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს შემდეგი პროექტები: აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის, აწყურის ციხის, თისელის წმინდა გიორგის გუმბათოვანი ტაძრის, თისელის ღვთისმშობლის ტაძრის, ბიეთის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დ სხვა.
2013-2019 წლებში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციოდ და მშენებლობისათვის დახარჯული იქნა 28 მლნ. ლარზე მეტი. შემდეგი წლები კი დაეთმობა სისტემური ინფრასტრუქტურის სრულად კეთილმოწყობას.
მე ყველა განხორციელებული პროექტის ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, თუმცა ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას, აქვს მომავლის ხედვა, უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს.
ისიც ფაქტია რომ ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა, რომელთა გადასჭრელად ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. ჩემთვის რეგიონში მიმდინარე პროექტები და არსებული პრობლემები კარგად არის ცნობილი და თქვენი მხარდაჭერით, უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ ჩვენთვის უსაყვარლეს ახალციხეზე და ახალციხელებზე. ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება დავიცვა და გავატარო თითოეული თქვენგანის ინტერესები, ვიყო თქვენი საამაყო წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას ხელი შევუწყო. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ.
ერთად ახალციხის წარმატებისთვის!
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!