12 ოქტომბერი, 2020
მოგესალმებით მესხებო, მოგესალმებით აჭარლებო, მოგესალმებით ადიგენელებო!
საერთოდ, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო, იმიტომ რომ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება აქ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ადიგენი სულ მალე გახდება გზაჯვარედინების ცენტრი. მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმის გზა როგორც იქნა დაიწყო და მალე ბოლოში გავიყვანთ, ისევე როგორც ბაღდათი-აბასთუმნის გზა დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათ-ნახევრით უფრო მოკლე დროში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - ზარზმა, პირველ რიგში რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა და ჩვენი ქვეყნის ბევრმა სტუმარმა ნახოს. ზარზმა - ადიგენის და ზოგადად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, ქართველობის, ქართულისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლო, უნდა იყოს ადვილად მისასვლელი და ამ ქვეყნის ყურადღების ცენტრში.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ ის, რაც ხდება აბასთუმანში, - აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი, ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად სამცხე-ჯავახეთს.
ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ ამაზე რომ ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე ერთ ციფრს მოგიყვანთ - 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, შემდგომი საარჩევნო 4-წლიანი ციკლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. სასმელი წყალი, რომელიც ადიგენში რამდენი წელია უკვე პრობლემაა, სულ რაღაც ერთ თვეში დასრულდება და 24-საათიანი წყალმომარაგება გექნებათ, მაგრამ 24-საათიან წყალმომარაგებას უნდა მოჰყვეს წყალარინება. წყალმომარაგება ნორმალური უნდა იყოს სოფლებში ისევე, როგორც სარწყავი წყალი არ უნდა იყოს პრობლემა. მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაში გვაქვს, მაგრამ შიდა სოფლის და ქალაქებს შორის გზები წესრიგშია მოსაყვანი. ეს ყველაფერი არის სისტემური, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში კარგა ხანია მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება რაღაც დრო ერთად შრომით, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ადიგენში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში ერთ დონეზე შეეძლოთ ცხოვრება. ამიტომ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ბოლო 8 წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ. ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება. იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ. ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე.
ჩვენ, ამ არჩევნების დროსაც, არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ ვიძლევით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯებით და კონკრეტული მიზნებით. მიზანი, როგორც იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზომვადი. ჩვენი თითოეული მიზანი არის გაზომვადი და არა ფუჭი დაპირება. ამიტომ, იმ მხარდაჭერით, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გვაქვს, წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება რაიმე რისკის, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს, უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!