×

12 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის სიტყვით გამოსვლა ადიგენში

მოგესალმებით ჩემო ადიგენელებო, მეგობრებო და მოწვეულო სტუმრებო, მივესალმები პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის ლიდერებს!
ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და სიამაყეა, ვიყო ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც მთელი ბავშვობა და ჩემი საუკეთესო წლები მაქვს გატარებული, რომელიც დატვირთულია საამაყო ემოციებით.
ჩემთვის ადიგენი არის მშობლიური ადგილი, ეს არის მხარე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, მხარე რომელსაც ბევრი ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქე და გმირები გაუზრდია, იყო ადიგენელი და იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის საამაყო და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, მე მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის და როგორც ყოველთვის დღესაც მთელი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვიქნები ჩემი ადიგენის სამსახურში!! 
მე ვარ ადიგენის საპატიო მოქალაქე, ჩემთვის საამაყოა, როდესაც ვამბობ რომ ვარ ადიგენელი და ვარ მესხი!!!
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის, მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს იმ ნდობისთვის, რაც მე გამომიცხადა. მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩემს ადიგენს და ასევე, კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ რათა შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამით თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს მეტი სიკეთე და სარგებელი.
ჩემთვის, რომელიც 22 წლის განმავლობაში ვიყავი ბიზნესით დაკავებული უმთავრესი ამოცანა იქნება გავაძლიეროთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გვქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენგანს.
დღეს ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა., დღეს ყველაზე უკეთაა დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღეს ყველაზე უკეთაა დაცული ბიზნესი და საკუთრების უფლება.
ჩვენმა სახელმწიფომ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებითი პროგრესი განიცადა, რასაც სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების კარდინალურ გაუმჯობესებასა და მოქალაქეების განწყობასთან ერთად ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.  
გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული  პროექტების მოცულობა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 2013 წლის მონაცემებით,  4 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ბიუჯეტი 15 მილიონ ლარს გადასცდა.
ჩვენს მუნიციპალიტეტში კარგად ვიყენებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამა-პროექტებს, როგორიცაა „დანერგე მომავალი”, „რძის გადამამუშავებელი კოოპერატივები”, „აწარმოე საქართველოში" და სხვა, რომელთა ძალისხმევით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აუცილებელია ამ პროგრამების გაგრძელება, რაც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს.

ასევე გაგრძელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები. 

ვიყოთ ადიგენში და არ ვახსენოთ კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი არ შეიძლება, ამჟამად იგი კვლავ განხორციელების ფაზაშია. შესაბამისი საკურორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია აბასთუმნის მიწისქვეშა კომუნიკაციის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ამაღლების მიზნით, მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია,  რაც მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი. 

აბასთუმანზე ზრუნვისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება აბასთუმანს მსოფლიოში გამორჩეულ და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ, მიუხედავად დიდი პროგრესისა, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობით, აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაზე, 
ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება დავიცვა და გავატარო თითოეული თქვენგანის ინტერესები, ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ვთვლი, რომ მაქვს გამოცდილება,  და ძალა იმისა, რომ ჩემი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას ხელი შევუწყო. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას. 
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ. 

ერთად ადიგენის წარმატებისთვის!
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!