×

13 ოქტომბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასპინძაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შექმნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში სარაგბო ბაზა დაათვალიერეს.

რაგბის ბაზა გათვლილია 100 ადამიანზე, აქვს სტანდარტული და სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი თანამედროვე მოედნები. ბაზაზე შეკრებებზე წვრთნას გადიან საქართველოს სხვადასხვა სარაგბო კლუბების გუნდები, ტარდება საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატის მატჩები, ეწყობა საბავშვო ფესტივალები და საზაფხულო ბანაკები, მათ შორის ინკლუზიურიც.

ადგილზე თანამედროვე სპორტული ბაზის არსებობამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში რაგბით დაინტერესებას, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

რაგბის ბაზის ტერიტორიაზე „ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრიც“ ფუნქციონირებს, სადაც განვითარების თავისებურების მქონე მოზარდებთან სამუშაოდ, მათთვის ფიზიკური და საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად, გამოყენებულია რაგბის ელემენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური სპორტული პროგრამა.