13 ოქტომბერი, 2020
საოცარი, მისტიური კუთხის, საოცარი ისტორიის, საოცარი ციხესიმაგრეებისა და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო,
თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს და ასპინძის მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლით მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარზე სისტემა უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტრის სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა.
რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სასმელი წყალი ისევე, როგორც წყალარინების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ წესრიგშია მოსაყვანი.
მარტივ ციფრს გეტყვით - მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ყველაფერი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით - გზები, სკოლების, ბაღების, სარწყავი და წყალმომარაგების სიტემების რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვაობა არ უნდა იყოს, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ბათუმში, ასპინძაში თუ სხვაგან. ჩვენს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი ცხოვრების დონე, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, რომ შეძლოს ღირსეულად არჩინოს ჯერ თავის ოჯახი, შემდგომ კი სხვა ადამიანები დაასაქმოს. ასპინძას ამ მიმართულებით სერიოზული პოტენციალი აქვს, როგორც ტურიზმის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით.
ამიტომ, შესაბამისი პროგრამებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევს თითოეული თქვენგანი, იქნება ეს სოფლის მეურნეობის თუ მაგალითად ტურიზმის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გვერდით დაგიდგებათ. ამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს კონკრეტული თანხები. პირველი ნაბიჯი ბიზნესში არ არის მარტივი, ბევრს ამის ეშინია, ამას საკმაოდ დიდი სითამამე და მხნეობა სჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეს ამ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის გვერდით დავუდგეთ. ამიტომ, ყველა ის პროგრამა, რომლისთვისაც ადრე თქვენ გიწევდათ თბილისში, სამინისტროებში სიარული, ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ თქვენთან რეგიონში და ასპინძაში, იქნება ეს საზოგადოებრივი ცენტრი თუ იუსტიციის სახლი, შეგეძლებათ ზუსტად იგივე მომსახურება და ინფორმაცია მიიღოთ. შეგეძლებათ, დატრენინგებული ადამიანების დახმარებით, კონკრეტულ კონტრაქტს მოაწეროთ ხელი, რათა პროგრამებში დაიწყოთ მონაწილეობა.
სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უნდა შეგვიქმნას ინფრასტრუქტურა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. მესმის, რომ ეს რთულია, ამას დიდი სითამამე სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ასეთ დროს ღირსეულ, თამამ და ნიჭიერ ადამიანებს გვერდით დაუდგეს.
რაც შეეხება არჩევნებს - რა თქმა უნდა, არჩევნები არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ. არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი, მშვიდობიანი და ყველამ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერება, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ასპინძელებო, გამარჯვებას გისურვებთ!