×

13 ოქტომბერი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე

დღეს, ჩვენ ვართ მიწაზე, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. ასპინძაში ცხოვრობენ მშრომელი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან მუდმივად გვერდში დგომა და ხელის გამართვა სჭირდებათ. ეს იქნება ჩვენი ამოცანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ძალიან მკაფიო პროგრამა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ გვაქვს ხედვა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ასპინძის მუნიციპალიტეტი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში, 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარებული ასპინძის მუნიციპალიტეტი ვიხილოთ.
ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ჩვენი საპარლამენტო სიის სათავეშია პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, რომელიც არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და მისი მთავრობა იქნება გარანტია იმისა, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ იმ პრობლემებს, რომელიც გამოიწვია პანდემიამ და წავალთ წინ სწრაფი განვითარების გზით.
ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი, სადაც არიან როგორც გამოცდილი, ასევე ახალი წევრები. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მაჟორიტარები და ამ თვალსაზრისით, ეს ოლქი ნამდვილად გამორჩეულია, სადაც ამ კუთხის შვილი წარდგენილია მაჟორიტარად. იგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ განვითარდეს ასპინძის მუნიციპალიტეტი. მას უყვარს ეს რეგიონი, მას გული შესტკივა ამ რეგიონზე და ეს არის საუკეთესო საფუძველი და საწინდარი იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარებას. ერთად დგომით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას 31 ოქტომბერს.