×

13 ოქტომბერი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე

დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი.
ჩვენ, დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ. განსაკუთრებით წესრიგშია მოსაყვანი სისტემური ინფრასტრუქტურა - გზები. ვხედავთ, რომ ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ნაწილი უკვე დასრულდა, შემდგომი ლოტი უკვე გამოცხადებულია და გაგრძელდება. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სისტემურ ინფრასტრუქტურასთან, ეტაპობრივად, სრულად წესრიგში უნდა მოვიყვანოთ, ისე, რომ ადამიანებისთვის დიდი სხვაობა არ იყოს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმსა თუ რუსთავში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.
რა თქმა უნდა, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა. ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ღირსეულად იცხოვრონ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნინოწმინდისთვის პირველ რიგში დგას ისეთი პრობლემები, როგორიც არის წყალმომარაგება. ვიცით, რომ აუცილებელია, დავიწყოთ და საბოლოოდ დავასრულოთ გაზმომარაგების საკითხი, რათა ნორმალური პირობები იყოს აქ ცხოვრებისთვის, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაგალითად საირიგაციო სისტემის წესრიგში მოყვანის თვალსაზრისით გარკვეული მიღწევები უკვე არის და რეაბილიტაციის შედეგად, ნინოწმინდაში 4 ათასამდე ჰექტარი უკვე ირწყვება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდელი მშრომელი გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის შექმნის სამუშაო ადგილებს.
ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნინოწმინდის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვავითაროთ. ფარავნის ტბა, ფოკის დედათა მონასტერი, ეს ის ადგილებია, სადაც საერთაშორისო ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ, როგორ ვითარდება ჩვენი კუთხე და რა ისტორიული მემკვიდრეობის მატარებლები ვართ ჩვენ ყველანი აქ.
ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაგრძელოთ ერთად. ამისთვის, რა თქმა უნდა, გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არჩევნებში ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაც პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს.
ამიტომ, მეტი მოთმინება გვმართებს, არ გვჭირდება არანაირი პროვოკაციები, დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს და ისეთი კანდიდატი გვყავს. სამველ მანუკიანი არის ამ რეგიონის, ამ კუთხის ღირსეული შვილი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული კანდიდატი, თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, სულ ცოტა დრო დარჩა. 31 ოქტომბერს გამარჯვებას გისურვებთ!