16 ოქტომბერი, 2020
დიდი პატივია ჩვენთვის აქ, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე, ხვალინდელ დღეზე. გურია, ლანჩხუთი ყოველთვის იყო ქვეყანაში სანიმუშო საზოგადოებრივი მოღვაწეების სამჭედლო - დიდი მწერლების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, ხელოვნების წარმომადგენლების. აქტიურობა ხშირ შემთხვევაში იწყებოდა აქედან და პირველი რესპუბლიკის დიდი ნაწილი, რომლითაც დღესაც ვამაყობთ, გურულებისგან შედგებოდა. ეს ყველაფერი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს.
როდესაც ჩვენს ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, სამუშაო ადგილების და ინფრასტრუქტურის პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ამაზე ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ ყოველდღიურ პროგრესს. მარტივი პრობლემები არ არის დღეს გურიაში. მაგალითად, ლანჩხუთის წყალმომარაგება თუ ნორმალურ კონდიციაში მოვიყვანეთ, სამაგიეროდ სოფლებში წყალმომარაგება პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა შიდა სასოფლო გზები.
მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირბადეებით გვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ბოლო 8 თვის განმავლობაში, მათ შორის გურიაში, არც ერთი წუთით სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეჩერებულა. ამის შედეგია ის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ორი მონაკვეთი გაიხსნა. სულ მალე ეს პროექტი სრულად დამთავრდება და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი გურიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტარულ საგზაო უსაფრთხოებას შემოიტანს, ამასთან ერთად უფრო მარტივი იქნება ტურისტების რეგიონში შემოყვანა.
ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ ის, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, სად ცხოვრობს ადამიანი - ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში. ერთი და იგივე, დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება აქ, თავის კუთხეში, თავის პატარა სამშობლოში, სადაც შეძლებენ, საზოგადოებას დაეხმარონ და ქვეყნისთვის იშრომონ, სადაც შეძლებენ ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი სხვაობა არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.
ამ მიზნიდან გამომდინარე, გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი 4 წლის განმავლობაში დეტალურადაა გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება პირველ რიგში წყალმომარაგებას. გზების შემდგომ, ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი, როგორც სასმელი, ისე საირიგაციო და სარწყავი წყლები, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლების წესრიგში მოყვანა, მაგისტრალური და შიდა სასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ელემენტარული, ნორმალური ცხოვრების სტანდარტები დააკმაყოფილოს.
გამოწვევები დღეს ძალზედ დიდია. ვხედავთ, რომ უჩვეულოა, როდესაც პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში, ინფიცირების რაოდენობის ანტირეკორდი დამყარდა. ჩვენთანაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ ამ ბრძოლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია.
თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ, როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს.
ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებას!