17 ოქტომბერი, 2020
დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის, წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი.
დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ. ჩვენი მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო და ყველამ უნდა ავაშენოთ ეს სახელმწიფო, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან.
2021 წლიდან, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, რომლითაც ჩვენ ზუსტად ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტის, გზების გაყვანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაწესრიგებელი. რომ არაფერი ვთქვათ ჭალე-ფახულანის გზაზე, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით, წყალმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ სოფელში პრობლემაა. ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 ათას მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, მაგრამ როგორც კი ამას მოვრჩებით, წყალარინების სისტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია და ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დროში რაღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანია, სხვაობა, სად იზრდება ბავშვი, სად ცხოვრობს ჩვენი ღვაწლმოსილი ხანდაზმული და როგორ ვითარდებიან ადამიანები, არ უნდა იყოს თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ბათუმს, ზუგდიდს თუ რუსთავს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ჩვენი ერთობლივი შრომა არის იმის გარანტი, რომ ჩვენ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ. არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის მიუხედავად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედავთ, რომ მთელს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა ყველგან რეკორდულად იზრდება, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და გვესმის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა. უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს.
მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში.
დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა - ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და ამ განვითარებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად. გამარჯვებას გისურვებთ!