×

05 აგვისტო, 2021

გაიხსნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბი, რომელსაც გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

კახა კალაძის მისალმება

მოგესალმებით მეგობრებო

მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას!

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. 

მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც შეუძლიათ  საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა,  ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით. ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას. ერთად ვიყავით მაშინაც როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის ან საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის.

გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით-ბიზნესის მხარდაჭერა;  სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების დატოვება უცნობი ადამიანებისთვის; მოხალისეებად ქცეული  ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველ პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებისთვის მიგვეწოდებია საკვები და ჰიგიენის საშუალებები.

დიახ, ეს ქალაქი იყო და არის მაგალითი დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის და სოლიდარობის. სწორედ ეს არის ის  ძალა, რასაც ვეყრდნობი, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში, უფრო მეტი განვითარება, მეტი ახალი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი შრომა იყოს მომავალი 4 წლის გეგმა და მიზანი!!!

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი.

ეს ადამიანი გახლავთ,ჩვენი გუნდის ახალგაზრდა,ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი,რომელსაც განათლების სფეროსი მუშაობის,ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.

გიორგი კარგი მენეჯერია,აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია,რომელთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ისე წავრმართავთ,რომ ჩვენი გამარჯვებით,არამხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა,არა მხოლოდ მე,როგორც ერთმა კანდიდატმა,არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ.

წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს- ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს; სადაც ქალაქელობა ნიშნავს- გიყვარდე, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი.

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი!