×

10 აგვისტო, 2021

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა მარნეულის მერობის კანდიდატის, კენან ომაროვის წარდგენაზე

მივესალმები ჩვენს მარნეულს და მარნეულელებს. მადლობა ჩემო მეგობრებო, ჩემო ძმებო. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების ერთგულ წევრებს, ჩვენს მოსახლეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენი ერთგული მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდისადმი, პარტიისადმი. სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ ბოლო 7 არჩევნებში გაიმარჯვა დამაჯერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად, ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სტაბილურობის და მშვიდობის დამყარება. მოდით, ვთქვათ გულწრფელად, ერთი წამით დავფიქრდეთ, როდის ყოფილა ასეთ ხანგრძლივი სტაბილური და მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს ქვეყანაში? გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. როგორ მოვექეცით ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს როგორ მოვექეცით. გვქონდა ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა- ათასი უბედურება და დესტაბილიზაცია გამოსცადა ჩვენმა ქვეყანამ. შემდეგ, თითქოს დასტაბილურდა ყველაფერი, თითქოს რაღაც ახალი ტალღა დაიწყო მშვიდობის და განვითარების, მაგრამ შემდეგ ფატალურად დასრულდა ესეც, მოჩვენებითი, რაღაც ერთგვარი მშენებლობა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, რომ ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, მმართველი არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენი გუნდი, ქართული ოცნება არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, მეგობრებო, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი. გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი რა თქმა უნდა ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას 8 წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველს მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ. რაც მთავარია, ჩვენ მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს.

ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არა ერთი პროექტი დავაფინანსეთ, თუნდაც მარნეულში, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი, ყველაფერი, ყველა პროექტი მიმდინარეობს. მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს ხელშესახები, კიდევ უფრო მეტი განვითარება უნდა შემოვიტანოთ ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა - განახლებული რეგიონები, რომელიც არის მრავალწლიანი პროექტი, წელს იხარჯება 500 მლნ. ჩემი სურვილია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი, ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გამშვენდება, გალამაზდება და გაძლიერდება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. გუშინ, ოფიციალურად დავიწყეთ კამპანია რუსთავში. დღეს, ახლა, მარნეულში გვაქვს ამის თაობაზე შეხვედრები. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა. ყველა პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ ჩვენს მოსახლეობას. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი კომუნიკაცია, ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან, ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კვირაში ერთხელ შეიძლება დაწესდეს, თუნდაც, მოქალაქეების მიღების საათები, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა, რომ მთავრობა და კონკრეტულად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ.

ახლა დავასრულეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, ხედვაზე. ჩვენ ზუსტად და მკაფიოდ ვიცით, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, სოფლის მეურნეობა. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, მაგალითად 3000 სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი, სოფლის მეურნეობის მიწების დამუშავება, იქნება ეს წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, თუ ა.შ. გზების გაყვანა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, მაქსიმალური შედეგი დავდეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამისთვის საჭიროა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი, გარანტირებული იყოს გრძელვადიანი, ძლიერი, სწრაფი განვითარება. ამას შეძლებს ერთადერთი სტაბილური გუნდი, ეს არის „ქართული ოცნება“. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და იდეალურები, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ამას არასდროს არ ვიტყვით, მაგრამ დღეს, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მართვა, პასუხისმგებლობის აღება ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბედზე.

ამ პანდემიის პირობებში გვიწევს კამპანიის ჩატარება. ჩვენ, ახლა, მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები, პირბადეებით უნდა ჩავატაროთ ეს კამპანი, ასევე, აცრები, აცრები, აცრები, ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა, იმიტომ, რომ აცრა გვიცავს, იცავს ჩვენს მოქალაქეებს, მეგობრებს, ახლობლებს, მშობლებს სიკვდილისგან. ეს არის მთავარი არგუმენტი, რაც ყველამ კარგად უნდა გავიგოთ და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, 3 მლნ.-ზე მეტი დოზა ჩამოიტანა ადგილზე. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ადამიანს სჭირდება ვაქცინა, რომელიც უმკურნალებს პრობლემას, ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია და გვაქვს ჩვენ. ახლა მთავარია, ძალიან მარტივი აცრა ჩავიტაროთ ყველამ და ნუ შეგვეშინდება, არავითარი რისკი, არავითარი საშიშროება ამას არ ახლავს თან. მითი, ჭორი და ტყუილი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ყველას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ.

ჩვენ ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე, უნდა დავასტაბილუროთ ქვეყანა, მომდევნო 3 წელი უნდა იყოს განვითარების წლები. ყველაფერი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს, კიდევ უფრო ძლიერად უნდა შევხვდეთ საპარლამენტო არჩევნებს, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, განვითარება, განვითარება, განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა.