×

10 აგვისტო, 2021

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე

მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგული მხარდაჭერა ჩვენი პარტიისადმი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა 7 არჩევნებში ჩვენი გუნდის ძლიერი, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება. დმანისში ამ ულამაზესი რეგიონის, ულამაზესი ადგილის მოსახლეობას სჭირდება მერი. მერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაზე. დმანისს და დმანისის მოსახლეობას ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბით. ამ რეგიონში მაგალითად ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის მშენებლობა დასრულდა, ბევრი გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზგაყვანილობის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე. ჩემს წინა გამოსვლაში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, მასშტაბური განვითარების გეგმაზე მუშაობა. ყველა მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა- ყველა ამ მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული. მეგობრებო, ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე, უმუშევრობა და ჩვენი ეკონომიკა. ამ მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მერის მოვალეობა სწორედ უნდა იყოს და იქნება, მე მჯერა, ჩვენი კანდიდატის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი იქნება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს. დროულად, ოპერატიულად, ეფექტიანად გადაუწყვიტოს ადგილზე ნებისმიერი პრობლემა. ცენტრალური მთავრობის დახმარება რა თქმა უნდა, მას გარანტირებული ექნება. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით. რაც შეეხება ზოგადად ამ არჩევნებს. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველგან უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ჩვენ გვჭირდება ღირსეული გამარჯვება ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. მოდი ვთქვათ, მეგობრებო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინ შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა? ეს არის ერთადერთი ის იშვიათი გამონაკლისი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მე ომზე ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ტრაგედია. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაცია დაგვხვდა. ის, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და დაბრუნება, ეს არახალია და ცხადია. ხელისუფლება მმართველი მაგიტომ ხარ, მაგიტომ აგირჩია მოსახლეობამ, რომ ყველა რისკი გათვალო, დააზღვიო შენი მოსახლეობა და შენი ქვეყანა, პირველ რიგში. რუსეთის ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. 2005 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა, ბოლო ჯარის ნაწილი გავიდა ახალციხიდან, რომელშიც სხვათა შორის მე შევიყვანე ქართული ჯარი და იქ ახალი ბაზა ავაშენეთ. მას შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უგუნურმა წინა ხელისუფლებამ, არ ვიცი უმეცრებით, უგუნურებით როგორ მოუვიდათ, ასეთ პროვოკაციას წამოეგნენ და შემოიყვანეს, დააბრუნეს რუსული ჯარი. ეს კატასტროფაა. რატომ ვლაპარაკობ მე ამდენს- მშვიდობას და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა. მეგობრებო, მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, არ იქნება არავითარი განვითარება. ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ.. ამიტომ, ამას ერთის მხრივ შენარჩუნება სჭირდება და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ძლიერი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, მშვიდობის და სტაბილურობის დაცვას და ჩვენი რეგიონების და ქალაქების განვითარებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2017 წელს აქ ჩავატარეთ არჩევნები, მხარი დავუჭირეთ მაშინ იმ დროინდელ კანდიდატს. სამწუხაროდ, მერე ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა, აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს შეცდომა ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ახალი კანდიდატი.

ევროპული სტანდარტების შემოტანა უნდა დავიწყოთ და უკვე დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის ურბანული განახლების პროექტები, რეგიონების განახლება. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები, რომლებიც შემდგომ წლების განმავლობაში გადავა უკვე სოფლად. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ახალი ტურისტული ადგილები, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები და ა.შ. რომელიც დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, დასვენების საშუალება იქნება და რაც მთავარია, ტურისტებისთვის, რომლებიც უფრო მეტად ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ჩვენი ქვეყანა სავსეა ტურისტებით, ტურისტული ქალაქები, სასტუმროები არის გადატვირთული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას, რომ მთავრობამ რაც გააკეთა, რაც ევალებოდა, ეს იყო სწორედ ვაქცინების შემოტანა. ჩვენ შემოვიტანეთ 3 მლნ. ვაქცინა, მეგობრებო. მე პირადად ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრები, ყველანი, გუნდის წევრები. ჩვენი სურვილი არის, რომ კანდიდატებიც ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რომ ყველა კანდიდატი იყოს აცრილი და ზოგადად, ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამ ეკონომიკურ აღმავლობას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას სჭირდება შენარჩუნება. ერთადერთი გზა იმისა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარება და ზრდა, არის სწორედ ვაქცინაცია. პირდაპირ ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩაკეტვები არის დროებითი გამოსავალი. 1-2 თვე შეიძლება მოითმინოს კაცმა, მაგრამ შემდეგ კვლავ უნდა გახსნან, მუდმივად ვერ ამყოფებ ქვეყანას და მოსახლეობას ჩაკეტილ მდგომარეობაში, დამეთანხმებით ყველანი. ყველას გჭირდება სამუშაო ადგილი, ხელფასები, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მთავრობას გამოსავალი აქვს ნაპოვნი, ჩამოვიტანეთ ვაქცინები, საუკეთესო ვაქცინები და რაც მთავარია, უსაფრთხო. კიდევ ერთხელ, ყველას მოგიწოდებთ თხოვნით, რომ ავიცრათ. ეს არის უსაფრთხო. ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან, რაც მთავარია. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჯანმრთელია და ამას ძალიან მარტივად გადაიტანს, მაგალითად მეც მქონდა კოვიდი, იოლ ფორმებში, თუმცა ძალიან ბევრი ჯანმრთელი ადამიანი ვიცი, რომელსაც ძალიან გაურთულდა ინფიცირება და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მათში ეს პროცესი და ბევრში, სამწუხაროდ, საუბედუროდ, ფატალურად, გარდაცვალებით დასრულებულა ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, რომ დავიცვათ, როგორც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი მშობლების, ახლობლების სიცოცხლე, ამიტომ აუცილებელი არის აცრა. აცრა არის ძალიან მარტივი, როგორც სეზონური გრიპისას ჩვენ ვიცრებით, ანალოგიურად დამკვიდრდება ეს აცრები, ასეთი ინფორმაციები გვაქვს, ზოგადად, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს.
ასევე მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი პარლამენტის წევრებს - ბატონი გივი მიქანაძე, ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც წლების წინ, აქ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორიც იყო, ბატონ გოგი მეშველიანს. დღეს ყველანი ერთად ვართ ჩამოსული, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატი, ბატონი კობა მურადაშვილი. კობა არის დმანისელი, კარგად იცნობს დმანისს და დმანისელების პრობლემებს და მე მჯერა, რომ იქნება წარმატებული მერი, ბოლომდე დაიხარჯება. მას შეუძლია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, გადაწყვეტა, ოპერატიულად მოგვარება ამ საკითხების და კობას მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, ყველა უბანში უნდა შევიდეს, ყველა მოქალაქეს უნდა გაესაუბროს პირადად და გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა ადგილზე, დროულად.