23 თებერვალი, 2022
როგორც იცით, ამ დღეებში ჩატარდა ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საქართველოს დელეგაციამ აქტიურად იმუშავა და მხარი დაუჭირა ევრონესტის ბიუროს გზავნილებს, რომელიც ეხებოდა უკრაინას და იყო მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი.სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან დელეგაციის შემადგენლობაში, საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა სხდომაში.
ამავდროულად, სხვა ინფორმაციების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციის შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შეიძლება ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება იყოს.
გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული. რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია.
მოვუწოდებთ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს!