22 ივლისი, 2014
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს, დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას. აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით. მერიის სამსახურების ხელოვნური პარალიზებით, პირველ რიგში, ზარალდებიან თბილისელები, რომლებიც დედაქალაქის თვითმმართველობის სტრუქტურებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქალაქ თბილისის ახლად არჩეულ მერს თავისი მოვალეობების შესრულების უფლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უჩნდება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალი მერის უფლებამოსილების ცნობამდე, არსებული ვიცე-მერები, თბილისის მთავრობა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა და კეთილსინდისიერად შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები.
მოვუწოდებთ მერიის ყველა სამსახურს, არ დაარღვიონ კანონი, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად.