×

11 მაისი, 2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია

პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“  ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას პარტიის მეხუთე ყრილობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. 

 

 

ყრილობის დელეგატებისადმი მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებსა და იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლებამ არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია.

 

 

„დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც  პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია. ვიდრე უშუალოდ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების მიზეზებზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვით ჩვენი ერთად განვლილი გზა მინდა მიმოვიხილო. დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, რომ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი,  რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და სიამაყითაც კი, ხაზი გავუსვა იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია პირადად ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში - განაცხადა პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა- ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას.

 

 

„დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითი, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.  დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი - კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო. აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს  მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი - ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

 

 

მისივე თქმით,  სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

 

 

„ბოლო 5 წლის მონაცემებით,  ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო, განახლებული მონაცემებით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც. ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით, რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა! ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორეს მხრივ ბევრად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, რომ ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ტრადიციულ დემოკრატიებში ეკონომიკა და თავისუფლებები, როგორც წესი, ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ. ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე, როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს ეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. დემოკრატია არის ჩვენი უპირობო არჩევანი, თუმცა, სწორედ ამ არჩევანისადმი ერთგულება გარკვეულწილად ზრდის ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს, რადგან ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული ქმედებებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მმართველი პარტიის ლიდერი მედიის თავისუფლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების ხარისხის  მკვეთრმა ზრდამ, რაც მისივე თქმით,  ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარი და უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება.

 

 

მიმართვაში პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ  პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

 

 

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ - მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს! „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი! დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში! მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი! ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი! ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ! სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების სახელით მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების  მნიშვნელოვან ეტაპზე  დათანხმდა უხელმძღვანელოს პარტიას და წარმატებები უსურვა მას. „ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც  უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე, ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით . „ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. „ჩვენი პრაგმატული და სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში შეიქმნა უსაფრთხო და სტაბილური გარემო და დღეს, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიღწეული შედეგი ჩვენ დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო ამბიციური ვიყოთ ჩვენს სამომავლო გეგმებში. უკვე შემუშავებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ახალი კონცეფცია, რომლის  დევიზია - „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისათვის აუცილებლად მინდა გამოვყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს მიმოსვლა ჩვენს ხალხს არაერთ შესაძლებლობას უჩენს როგორც ევროპასთან კულტურული და ღირებულებითი სიახლოვის გასამყარებლად, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებების,  ეკონომიკის, სოციალური დაცვის, საგარეო ურთიერთობების და სხვა მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ამ რეფორმის უკან იდგა პარტიის უმთავრესი ღირებულება - ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, თავისი ყოველდღიური საზრუნავით და უკეთესი მომავლის იმედით.

 

 

„ჩვენ შევძელით ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრაა საჭირო, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად. დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე, ახალი ტიპის გამოწვევები დგას, ჩვენი პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. და მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად.  დარწმუნებული ვარ დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ყრილობას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.