×

20 ივნისი, 2018

საქართველოს პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

99 ხმით - 6-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

 

 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია.
საგარეო საქმეთა მინისტრად - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად - ნიკოლოზ გაგუა დაინიშნენ.

 

საკანონმდებლო ორგანომ, ასევე, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა, რომ უმოკლეს დროში წარმოადგენს იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შესაძლებელი გახდება ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთესად გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს.

 

„მე წარმოვადგინე პროგრამა, სადაც მოცემულია ყველა ის ძირითადი რეფორმა და პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და რომელსაც ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ, ეფექტურად გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რაც დღეს არსებობს საქართველოს წინაშე. ეს არის სიღარიბე, ეს არის უმუშევრობა, ეს არის განმტკიცება იმ ინსტიტუტების, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი მდგრადი განვითარება და მისი ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

 

მე დღეს მოვისმინე ბევრი შეფასება ჩემს კოლეგებზე და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს გადავუხადო მადლობა, გადავუხადო მადლობა ყველა წინამორბედს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა ორგანიზაციული და სამეურნეო საქმიანობის გაუმჯობესებისათვის, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ საგარეო წარმატებების შექმნაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. აქვე, მინდა აღვნიშნო სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ, რომ რა თქმა უნდა, მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტში კომუნიკაციის დროს. მე ვიქნები ძალიან აქტიური თითოეული რეფორმის განხილვის დროს, არა მხოლოდ პარლამენტთან და პატივცემულ დეპუტატებთან, არამედ საზოგადოებასთან. ზოგადად, ეს არის სწორედ ჩვენი მუშაობის პრინციპი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ყველა ის რეფორმა, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს არის სწორედ შედეგი იმ მუშაობისა, რომელიც ჩვენ გავწიეთ კერძო სექტორთან, და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა გზით ვაპირებთ ჩვენ ზოგადად, ამ ინსტიტუტების განვითარებასა და განმტკიცებას.

 

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მზადყოფნა აქტიური მუშაობისა პარლამენტთან, მით უმეტეს, რომ ასეთი საინტერესო მოქალაქეები არიან წარმოდგენილი, დაჯილდოებული სხვადასხვა ნიჭით, მათ შორის, განსაკუთრებული ნიჭითაც და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბევრის გამოსვლაში.

 

აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მომცეთ საშუალება, ძალიან მოკლე ვადაში - 2-3 კვირაში წარმოვადგინო განახლებული სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ პრობლემების გადაჭრაზე და ოპერატიულ გადაჭრაზე, რაც დღეს გვაქვს ჩვენს ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოსმენისთვის და გისურვოთ წარმატებები“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.