28 ოქტომბერი, 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოსახლებას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს.
მთავრობის მეთაურმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და ყველა მოქალაქეს აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო მუხტისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, ხმის დათვლის შედეგებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.