×

30 ივნისი, 2019

თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპორციული არჩევნები 2020-ის” პრეზენტაციას გამართავს

„ხვალ შეხვედრაზე ჩვენს მიერ ინიცირებულ შეთავაზებულ ვერსიას წარვადგენთ. ეს ვერსია 2020-ის არჩევნებისთვის, საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე ნულოვანი ბარიერით დაუყოვნებლივ გადასვლას გულისხმობს. სისტემა შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლის საზოგადოებრივი მხარდაჭერაც შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, რომ აღმოჩნდნენ პარლამენტში და, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი იყოს კონკურენტული. 

 

ხვალ პოლიტიკური პარტიების და არა მხოლოდ მართ წარმომადგენლებს  გავაცნობთ ჩვენს ინიციატივას და არგუმენტებს, თუ რატომ არის ეს ვერსია. მოწვეულია ყველა პოლიტიკური პარტია,  არასამთავრობოების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები. 

 

შეხვედრა საკმაოდ ხალხმრავალი იქნება.  მთავარი მიზანია ის, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული ვერსია წარვუდგინოთ დამსწრე აუდიტორიას, მაგრამ, ბუნებრივია, დამსწრე პირებისგან სიამოვნებით მოვისმენთ სხვა მოსაზრებებს. 

 

ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით და ვხედავთ, სხვადასხვა მოსაზრებები ისმის. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, საერთოდ, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ძველი სისტემით, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები   ითხოვდნენ პროპორციულ სისტემას და უცებ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, ძველი სისტემით, რისი გაგებაც ძალიან მიჭირს.

 

ზოგიერთი პარტია ამბობს , რომ ნულოვანი ბარიერი არის კარგი და მისასალმებელი, ზოგიერთი ამბობს, რომ უნდა იყოს რაღაც ბარიერი. ყველა გამოდის თავისი ვიწრო პარტიული ინტერესიდან.  შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, მოვძებნოთ  გამოსავალი, რომელიც სწორი და მისაღები იქნება უმრავლესობისთვის და ქვეყნისთვის.