×

06 მაისი, 2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადება


ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში, განსაკუთრებით 2018 წლიდან, დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რუს პიარკონსულტანტ შკლიაროვთან, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოცქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო  ნიშნად აქცია.

 

სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც Facebook სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად Facebook-მა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია Facebook-ის სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, მასში, საქართველოს კონტექსტში, ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის ნაციონალური მოძრაობა.

 

Facebook-ის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მიწვდეს თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო პანდემიის შედეგად და ცდილობს, ანტიკრიზისული გეგმა იყოს დახვეწილი, ყოვლისმომცველი და რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. 

 

Facebook-ის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. 

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, რასაც Facebook-მა მიაკვლია. დაახლოებით, საუბარია, 100 ათას ლარამდე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ხარჯების მასშტაბი. 

 

ამავდროულად, Facebook ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს, ანუ ნაცმოძრაობის ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმება მოხდა Facebook მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის, ან მიმართვების საფუძველზე.

 

ბუნებრივია, მადლობას იმსახურებს Facebook-ის ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისათვის და მინდა მივმართო მათ, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით,  წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას. 

 

დიდი იმედი გვაქვს, რომ Facebook-ის ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა  უკანა პლანზე გადაიწევს.

 

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმა და მან თქვა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი,  რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები თავს ვერ ართმევენ COVID ინფექციასთან ბრძოლას. Facebook-მა სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები დაბლოკა, მათ შორის საქართველოში - ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერთა ის გვერდები, რომლებიც ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა.