10 აგვისტო, 2020
„ქართული ოცნების“ ლიდერები თელავის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელ საწარმოში - „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა.
საწარმოს ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 2 500 000 ლარის შეადგინა, საიდანაც 975 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 632 835 ლარი - სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტი.
თელავის ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აჩინებული“, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს, გადაამუშავებს 400-500 ტონა ხილს, ამზადებს ნატურალურ წვენებს, ასევე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს აშშ-სა და კანადაში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 2013-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტში 207 მილიონი ლარის მოცულობის პროექტები განხორციელდა. სახელმწიფოს თანამონაწილეობის მოცულობამ 28 მილიონ ლარამდე შეადგინა, ხოლო „შეღავათიანი აგროკრედიტით“ 1 945-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.