30 აგვისტო, 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს.
კომპანია KTW-მა ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა - ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა”.
ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 22 ადამიანია დასაქმებული. ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო „ნენაში“ კი, ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 20 ადამიანი დასაქმდა. ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.
კომპანიამ ასევე ისარგებლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. საწარმოსთვის დამტკიცებული გრანტის მოცულობამ 600 000 ლარი, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა - 877 000 ლარი შეადგინა.