×

03 სექტემბერი, 2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აგარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად აგარაში სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ დაათვალიერეს.

საწარმო 2018 წელს გაიხსნა, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამურად 10 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 600 000 ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული გრანტია.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე საწარმოს საქმიანობის სფეროს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია წარმოადგენს, ასევე, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია.

კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისგან ყიდულობს, ასევე, ფლობს საკუთარ სათბურებსაც.

საწარმოში როგორც სეზონურად, ასევე მუდმივად, ჯამში 135 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.
კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აშშ-სა და ისრაელში ახორციელებს.