03 სექტემბერი, 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად ხაშურში მდებარე პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
3-სართულიანი შენობა 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები, ასევე თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.
პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა.
ასევე, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.