×

11 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა მცხეთაში შალვა კერესელიძის წარდგენაზე

მოგესალმებით, მცხეთელებო!
ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა აქ, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის სრული ასახვაა. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან - ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი.
აქედან თქმული სიტყვები, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც აქ თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი.
მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს პირობებს ვაძლევთ, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს.
უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა დეტალებში ღრმად წავიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები 9 ლოკაციაზე გაკეთდა და დამატებით 4000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, რომ ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის.
მცხეთისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, წელს გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დღესაც გვქონდა შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და თითოეულ სამუშაო ადგილსაც. 6 თვე გამოვიარეთ ერთმანეთის ნდობით, ღიად, პირდაპირი საუბრით. ჩვენ ჩვენს ხალხთან არაფერი დასამალი არ გვაქვს და არც ის გვაქვს ბევრი სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ, ესეც არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე.
მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვთქვათ ის სპორტული კომპლექსი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. ჩატარდა და კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია გაკეთდება. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაზეც. სახელმწიფოს აქვს თავისი პირდაპირი პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულები ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური სისტემის რეფორმას. ასევე, ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ბევრი სოფლისთვის. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაახლოებით, 421 სოფელია. ეს პირდაპირი სოციალური დახმარებაა ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია.
ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია, ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ჩვენი ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ ისე უნდა მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი - ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება უნდა გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ, ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე უკეთ იცის სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ ტრაბახობს და კი არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის, არამედ წყნარად, მშვიდად თავმდაბლად მიდის და საქმეს აკეთებს.
დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო!