12 სექტემბერი, 2020
მოგესალმებით, მოხევეებო!
ჩემთვის პატივია აქ, ისტორიულ ხევში ხვალინდელ გეგმებზე და ხვალინდელ დღეზე საუბარი, რადგან ჩვენი მიზანია, ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინდელი დღე და ერთად ვიშრომოთ და შევქმნათ კიდევ უკეთესი ხვალინდელი დღე. ეს არის ჩვენი აქ შეკრების ძირითადი მიზანი. ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. 2012 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 3-3,5 მილიონი ლარი, დღეს ეს ბიუჯეტი 12 მილიონი ლარია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ადამიანი ყაზბეგში ცხოვრობს თუ თბილისში, ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა, შესაძლებლობები ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს თანაბარი - განათლება, სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება უნდა იყოს ერთნაირი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ეს იქნება - „აწარმოე საქართველოში“ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენ ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო ახლოს მივიტანეთ. ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში თქვენ შეგიძლიათ, თქვენს საზოგადოებრივ ცენტრში ან იუსტიციის სახლში მიხვიდეთ და ზუსტად იგივე მომსახურება მიიღოთ, რასაც მიიღებდით თბილისის იუსტიციის სახლში ან რომელიმე სამინისტროში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ აქ, ადგილზე ახალგაზრდები დავამაგროთ, მათ, ვისაც აქვთ ნიჭი, შესაძლებლობა და სითამამე, პირველი ნაბიჯი გადადგან ბიზნესში, დაიწყონ თავიანთი საქმე, გახსნან სასტუმრო ან კიდევ ბევრი რამ. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებს შევუქმნათ ერთნაირი სამართლიანი პირობები ყველგან, ქალაქში იქნება ეს თუ მთაში. ძალზედ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. მოგეხსენებათ, პრაქტიკულად უკვე დაწყებულია ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ეს უპრეცედენტოდ დიდი და მნიშვნელოვანი გზა იქნება ამ რეგიონისთვის, რომელიც გააძლიერებს აქაურობის სატრანზიტო პოტენციალს. სოფლის მეურნეობა კარგია, ტურიზმიც კარგია, მაგრამ ტრანზიტი ყოველთვის იყო ამ რეგიონის ძალიან ძლიერი მხარე.
სულ უახლოეს პერიოდში დაიწყება ჟინვალამდე გზის პროექტირება. მოკლედ რომ გითხრათ, თბილისიდან აქ ამოსვლა დაახლოებით 1 საათით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი და ამას სულ 3-4 წელი დასჭირდება. ქვეშეთი-კობი დამთავრდება 2023-2024 წლებში და ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობასაც, რომლის პროექტირება უკვე დაწყებულია, ძალიან სწრაფად დავიწყებთ. ეს სულ სხვა რეგიონი გახდება და აქ სულ სხვა ცხოვრება იქნება.
გარდა ამისა, იცით, რომ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. უკვე წლების განმავლობაში გუდაურში დაგროვილი პრობლემა, ჩვენთვისაც გაჭიანურებული, გუდაურის წყალმომარაგება, წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა გუდაურში აღარ იარსებებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა. ცალკე აღებული საქართველო ვირუსს ვერ დაამარცხებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველაზე ეფექტურად და ყველაზე სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ეს არის თბილისის, თუ ყაზბეგის სკოლაში, ჩვენს მოხუცებს ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ არის, რომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები, იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში, თქვენ მოგეხმარებათ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. შალვა კერესელიძე ამ კუთხის შვილია და ის იყო ამ რეგიონის გუბერნატორი. მან ძალიან კარგად იცის თითოეული პრობლემა, დრო არ დასჭირდება და როგორც კი გავიმარჯვებთ, მეორე დღესვე დაიწყებს აქაური მოსახლეობის ინტერესების დაცვას. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ყაზბეგელების ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მოხევეებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ გამარჯვებას, სამართლიან ბრძოლაში!