×

12 სექტემბერი, 2020

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა თიანეთში შალვა კერესელიძის წარდგენაზე

მოგესალმებით, თიანეთელებო!
ჩემთვის დიდი პატივია მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში თქვენთან ერთად მომავალზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენი წარმატებები და ცხოვრება არ უნდა იზომებოდეს გზების, წყლის ან გაზის გაყვანის რაოდენობით. ჩვენი მიღწევები და ცხოვრება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენ ახალგაზრდას დავაბრუნებთ ამ კუთხეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისში, თიანეთში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ყველგან, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ერთნაირი სამართლიანი და თანაბარი პირობები. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ რეფორმა განათლების სისტემაში. სწორედ ამისთვის გვჭირდებოდა, რომ თიანეთი ყოფილიყო მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, იმიტომ, რომ შეგვძლებოდა, ამით დავხმარებოდით აქ მცხოვრებ ადამიანებს სოციალურად, სხვადასხვა კომუნალური გადასახადით, ასევე მათ, ვინც ბიზნესს წამოიწყებდა.
თიანეთში გზები ნორმალურია, გასაკეთებელი გვაქვს შიდა გზები, მოსაწესრიგებელია წყალმომარაგება. ბევრი სოფელია, სადაც არის წყალმომარაგების პრობლემა. გაზიფიცირების პრობლემაც არის. ეს ყველაფერი დროის ამბავია. ამას ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. საბოლოო მიზანი ის უნდა იყოს, რომ აქ, ამ ულამაზეს, დიდი ისტორიის მქონე კუთხეში დავაბრუნოთ ახალგაზრდები. ახალგაზრდები აქ უნდა ცხოვრობდნენ, ვითარდებოდნენ, შრომობდნენ და ღირსეულად უნდა არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს არის ძირითადი მიზანი და ეს უნდა იყოს თქვენი მაჟორიტარის და ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი მიზანიც.
გარდა იმისა, რომ თიანეთი სრულად არის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი და ეს ბევრ შესაძლებლობას უხსნის აქ მცხოვრებ ადამიანებს, ყველა ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის დახმარების სხვადასხვა პროგრამა, იმისთვის, რომ თქვენ არ შეგშლოდათ ხელი და ყველა ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ მოგიწიოთ თბილისში ჩასვლა, ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, აქ, თიანეთში. შეგიძლიათ, აქ, იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა ეს მომსახურება მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს, რომელიც აქ, მთაში ცხოვრობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდას, რომელიც მზად არის, პირველი ნაბიჯები გადადგას, წამოიწყოს თავისი საქმე, გლეხობიდან გახდეს ფერმერი, გაძლიერდეს და დაასაქმოს სხვა ადამიანები, სახელმწიფომ ეს პირობები შეუქმნას და მერწმუნეთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. არ არის მარტივი საქმე, რომ გარისკო, ჯერ შენზე და შემდეგ შენს ოჯახზე აიღო პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს არ შეჰყურებდე ხელებში, დაქირავებით შრომა არ გინდოდეს და მერე ამ საქმეში გახდე წარმატებული. სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი მოაწესრიგოს, რომ ასეთ ადამიანებს, გამბედავ, მებრძოლ ადამიანებს ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ და ამის შესაძლებლობა თქვენ აქ, თიანეთში გაქვთ.
სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა - გზა, წყალი, გაზი, სარწყავი წყალი იყოს სრულად მოწესრიგებული. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეა დასამთავრებელი. როგორც ვთქვით, გაზიც, სასმელი წყალიც მოსაგვარებელია და მიუხედავად იმისა, რომ მიღწევები არის, ეს ყველაფერი ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.
ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე. ამიტომ არის, რომ დღეს, მთაში, 70 წელს გადაცილებული ადამიანი იღებს ყველაზე მეტ პენსიას. მათი ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება უნდა იყოს იმავე დონეზე, რა დონეზეც არის თბილისში. ამისთვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემა, სტაციონარული სისტემაც უნდა იყოს წესრიგში. ეს ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნებია, რომ თიანეთი, როგორც მუნიციპალიტეტი, ყველა ადამიანისთვის იყოს კომფორტული საცხოვრებლად. სახელმწიფოს ვალია, ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც აქ დარჩენა, ცხოვრება და მუშაობა უნდა, შეუქმნას სამართლიანი და თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს, რუსთავში, ბათუმში, თუ თიანეთში.
ამის მისაღწევად, ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თიანეთელების ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან ერთად, მთაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება მარტო თიანეთის გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!