×

17 აგვისტო, 2021

ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენა

გასულ წელს პანდემია იყო. რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. ქვეყანა იყო ჩაკეტილი, ტურისტები არ შემოდიოდნენ და ზოგადად, დაკეტილი იყო სასტუმროები და ა.შ. ყველაფერი. ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს ხალხს. წელს ეტაპობრივად დავიწყეთ გახსნები, დაახლოებით 5-6 თვის წინ, მოვხსენით რეგულაციები, რამაც, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, წაახალისა ეკონომიკის ზრდა. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში კი არა, მთელ მსოფლიოში. მე ვესაუბრები არაერთ ჩვენს კოლეგას, ვიცი რა ხდება ევროპაში, ზოგადად მსოფლიოში, როგორი ტენდენციებია. ასეთი ზრდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის მართლაც გამორჩეული, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება. ამ გახსნებით და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს. მე ვიცი, რომ ტურისტებით სავსე არის თითქმის ყველა სასტუმრო და ძალიან ბევრი ტურისტი არის შემოსული აჭარაში და მაგალითად ქობულეთში, კონკრეტულად ქობულეთზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ადამიანი ისევ დაუბრუნდა თავის სასტუმროებს, რესტორნებს, გახსნეს თავიანთი კომერციული ობიექტები და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, იქმნება დოვლათი და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მოქალაქეებზე. - ირაკლი ღარიბაშვილი

​რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე მაღლა, მთაში მიმდინარე მშენებლობას, სასტუმროს ულამაზესი კომპლექსი შენდება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შეძლებს ტურისტებს უმასპინძლოს.
სულ ახლახანს გაიხსნა ასევე შატო „კვირიკე“, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული შატოა საქართველოს მასშტაბით. აქ არის ბრწყინვალე მევენახეობა, კივის პლანტაციები, რაც ყველაზე მთავარია, თბილი ხალხი, რომელიც ცდილობს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს სტუმარს.
აღარ ვსაუბრობთ სამრეწველო პოტენციალზე, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. 35-40 ათასი ტონა ციტრუსი, რომელიც ექსპორტზე გავიდა, ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე შთამბეჭდავია 30-მდე საწარმო, რომელიც მიღება-გადამუშავებას აწარმოებს.
დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა - მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს, და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ისინი ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებს ბოლომდე მიეცეთ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. - კახა კუჭავა

 
მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ახალი სკოლების მშენებლობაზე და არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციაზე. სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს, აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისობაში მოჰყავს ევროპულ სტანდარტთან. ამისი მაგალითი მრავლად არის და ეს პროცესი, რასაკვირველია, გაგრძელდება, მათ შორის ქობულეთშიც. თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის. - მიხეილ ჩხენკელი

 
წელს ქობულეთს აქვს მართლაც უპრეცედენტო ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება როგორც ეკონომიკის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოების მიზნით.
ჩვენ ყველას ერთად გვმართებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მომავალი გუნდი, მომავალი მერი, საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შეძლებს ღირსეულად, კეთილსინდისიერად ემსახუროს ქობულეთელებს. - თორნიკე რიჟვაძე


საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო მოქალაქე და მოქალაქესთან ურთიერთობა. მოქალაქეებთან მაქსიმალური ჩართულობა, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი შემდგომი სამუშაო რეჟიმიც გაგრძელდება მოქალაქეებთან მაქსიმალურად ჩართულად.
ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, სპორტი. - ლევან ზოიძე